• სკოლა
    • დოკუმენტები
    • ინტერვიუ დირექტორთან
    • წარმატების მაჩვენებლები
    • ახალი სკოლის მოდელი
      • კურიკულუმები
      • კომპლექსური დავალებები
  • მისია
    • ხედვა
    • ღირებულებები
  • ისტორია
  • სიახლეები
  • კლუბები
  • აქტივობები
  • კათედრები
  • კონტაქტი

ლიდერი, სახელად სიყვარული

როცა მართავ ინოვაციურ და თანამედროვე სკოლას, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. როცა გიყვარს საკუთარი საქმე და მთელი გულით ემსახურები არჩეულ პროფესიას, აუცილებლად მოდის წარმატებაც, დაფასებაც და სიყვარულიც. სწორედ ეს შემთხვევაა ჩვენთან. 133-ე საჯარო სკოლას უკვე 11 წელია მართავს ენერგიული, ინოვაციური და რისკიანი ლიდერი, რომელსაც სჯერა საკუთარი გუნდის და ზუსტად ხედავს აღსაზრდელების საჭიროებებს, მათ ინტერესებსა და წარმატებულ მომავალს. აღმოაჩინო ყველა მოსწავლეში ნიჭი, დაუსხა წყალი მათში არსებულ შესაძლებლობებს, აღმოაცენო ეს ტალანტი და შთააგონო, ამაზე დიდი უნარი პედაგოგს რა შეიძლება ჰქონდეს.
ყველა სწორედ ასე ხედავს და იცნობს  უდიდესი სკოლის წარმატებულ ლიდერს, დირექტორსა და ბიოლოგიის პედაგოგს, ლიანა ფუტკარაძეს.
როგორია მისი წარმატების საიდუმლო, რა იმალება ამ დიდი სიყვარულისა და მიღწეული შედეგების მიღმა და როგორი იყო გზა ბავშვობაში საბუნებისმეტყველო საგნებზე შეყვარებული გოგონადან საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სკოლის წარმატებულ დირექტორამდე, ამის შესახებ გაზეთ  „ფოკუსის“ გუნდს ესაუბრა ჩვენი დირექტორი, ქალბატონი ლიანა ფუტკარაძე.

 

  • მოგესალმებით,ქალბატონო ლიანა,  გვიხარია, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. გთხოვთ, თავდაპირველად  ჩვენს მკითხველს ცოტა რამ მოუყევით თქვენ შესახებ:

ქვეყნისათვის ძნელბედობის წლებში ოქროს მედალზე დავამთავრე  ურეკის
საჯარო სკოლა. შემდეგ სწავლა გავაგრძელე ბსუ-ს ბიოლოგიის ფაკულტეტზე.  მეოცნებე, ყოველთვის შემართული, შრომისმოყვარე  მოსწავლე და სტუდენტი ვიყავი. მამა პედაგოგი მყავდა, ყოველთვის უნდოდა, რომ ექიმის პროფესია ამერჩია, ამიტომაც  ბიოლოგიასა და ქიმიას განსაკუთრებით კარგად ვსწავლობდი. მე მაინც პედაგოგიკისკენ  მიმიწევდა გული  და გავხდი კიდეც საუკეთესო ბავშვების აღმზრდელი.

საგანმანათლებლო დაწესებულებაში  მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება მაქვს. მიყვარს და მაბედნიერებს ჩემი პროფესია. ეს არის ძალა და ჩემი მოტივაციის წყარო, რომელიც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

  • სწავლებისრომელ მეთოდებს იყენებთ და რატომ  ?

მე ყოველთვის იქ ვარ, სადაც სიახლეა და ვიზიარებ ყველა სტრატეგიულ მეთოდსა და გამოწვევას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩემს  მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უმნიშვნელოვანესი უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორებიცაა: კრიტიკული, ანალიტიკური და რაციონალური აზროვნება, შემოქმედებითობა, კრეატიულობა, ინოვაციურობა და, რაც მთავარია, ისეთი პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომლებიც ქმნიან წარმატებას ცხოვრებაში.  მაქსიმალურად ვცდილობ საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენო თანამედროვე მიდგომები და სტრატეგიები. მრავალფეროვანი აქტივობებითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენებით ვზრდი მოსწავლეებში საგნის მიმართ დაინტერესებას და, რაც მთავარია, ჩემს მოსწავლეებს ვაყვარებ სწავლას. ეს არის უპირველესი, როცა მოსწავლეს უყვარს სწავლა და აცნობიერებს ცოდნის მნიშვნელობას თავის ცხოვრებაში.

  • რომელიათქვენი საყვარელი ფრაზა, რომელიც იქცა თქვენს დევიზად და რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც დირექტორი გახდით ?

სეთ გოდინმა თქვა: „შენ არ ხარ რეზიუმე, შენ ხარ საქმე, რომელსაც აკეთებ!“ და შეუძლებელია, არ დავეთანხმო. ადამიანზე ყველაზე უკეთ მისი საქმეები მეტყველებენ, თუმცა, თუ აუცილებელია პასუხი კითხვაზე – „რატომ მე?“ ის ძალზე ლაკონიური იქნება – ჰუმანურობა არის გასაღები, რომელიც ყველა ბავშვის გულს ერგება და ხსნის ფერების სამყაროს ჯადოსნურ კარს, სადაც უამრავი უნარის შეძენა, ყველა ადამიანში არსებული დაფარული პოტენციალის, ნებისმიერი სიახლის და სასარგებლო ინიციატივის აღმოჩენაა შესაძლებელი.
ჩემი საქმიანობის პირველივე დღიდან ვცდილობ 21-ე საუკუნის სკოლა ვმართო მოსწავლეებზე ორიენტირებული სასწავლო მიდგომებით და შევქმნა თანაბარი პირობები და შესაძლებლობები ყველა მოსწავლისათვის – მზრუნველი, კეთილგანწყობილი, თანამშრომლობითი, მუდმივად განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებული მომავლის სკოლა, რომელიც ნერგავს ჰოლისტური განათლების მიდგომებს და აქცენტს აკეთებს არა მხოლოდ პიროვნების ინტელექტუალურ განვითარებაზე, არამედ მის ემოციურ, ფიზიკურ, სოციალურ, ესთეტიკურ და სულიერ სფეროზე, სადაც წამყვანი და განმსაზღვრელი მაინც სულიერი სფეროა.

 

  • როგორიათქვენი, როგორც დირექტორის და ლიდერის, ხედვა ?

მაქვს ამბიციური ხედვა, რომელიც გულისხმობს უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსით, თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, მოსწავლის შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველყოფით  მსოფლიო ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ სივრცეში ინტეგრირებული, მოაზროვნე, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის აღზრდა-განათლებას, რომელსაც  შეუძლია გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური და სულიერი ღირებულების შესაქმნელად, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის საზოგადოებრივ, კულტურულ და ეკონომიკურ კეთილდღეობას, უზრუნველყოს მხარდაჭერა და ბიძგი მისცეს საქართველოს თითოეული მოქალაქის სრულფასოვან ცხოვრებას. ჩვენს გუნდთან ერთად დავიხარჯებით ბოლომდე, რათა ეს  ამბიციური განაცხადი რეალობად ვაქციოთ.

  • რა არის თქვენი პროფესიული წარმატების გასაღები ?

ჩემი წარმატებული ლიდერობის მთავარი გასაღები ჩემი საქმისადმი გულითადი
დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა, ჰუმანურობა, სამართლიანობა, თანასწორობა, გუნდურობა, ტოლერანტობა და პირადი მაგალითის მიცემაა. პედაგოგს თუ დირექტორს, ყველას, ვისაც ბავშვის ბედი და მომავალი აბარია, უპირობოდ, საკუთარი შვილებივით უნდა უყვარდეს  თავისი მოსწავლეები, ორიენტირებული უნდა იყოს მათ წარმატებასა და პროგრესზე, დღენიადაგ უნდა ზრუნავდეს პოზიტიური სასკოლო კლიმატის შექმნასა და განვითარებაზე.
საკუთარმა ცხოვრებისეულმა და პროფესიულმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ უნდა გავცე მეტი სიყვარული, გავითვალისწინო სხვათა ინტერესები და უფლებები, დავისახო მიზანი წარმატების მისაღწევად და ერთი წამითაც არ შემეპაროს  ეჭვი შესაძლებლობებში.

  • რა ადგილი უჭირავს 133-ე საჯარო სკოლას თქვენს ცხოვრებაში ?

133-ე  საჯარო სკოლა არის ჩემი დიდი ოჯახი. ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი კარლ როჯერსი ამბობდა: „მინდა სკოლა მეგობრულ სახლად ვაქციო, რომელშიც თითოეულ ბავშვს შეეძლებოდა საკუთარი სამყაროს შემოტანა“. ჩვენი სკოლაც ასეთია – ჩვენ თითოეული ბავშვის სამყაროს ვხედავთ და პატივს ვცემთ, შთავაგონებთ და მოტივაციას ვუმაღლებთ. ვუქმნით ისეთ გარემოს, სადაც საშუალება ეძლევათ მიაღწიონ მანამდე მათთვის წარმოუდგენელ შედეგებს.
ჩვენი სკოლა გამორჩეულია დედაქალაქში მატერიალურ -ტექნიკური ბაზით, თავისი
შინაარსით, ინოვაციური სწავლების პრაქტიკით, განვითარებასა და ხარისხზე
ორიენტირებულობით, ჩვენი მოსწავლეების მიღწევებითა და შედეგებით და,
რაც მთავარია, კეთილგანწყობილი, მზრუნველი და უსაფრთხო გარემოს
ორგანიზებით.
ამ წლების განმავლობაში არ მახსენდება სამინისტროს თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საგანმანათლებლო სივრცეში ინიცირებული პროექტი ან კონკურსი, რომელშიც ჩვენი სკოლა აქტიურად და წარმატებით არ იყო ჩართული და ჩვენი მოსწავლეები მოწინავე პოზიციები არ იკავებდნენ.
ყოველი ახალი პროექტი  და საგანმანათლებლო ინიციატივა ჩვენი მოსწავლეებისთვის გაჩენილი ახალი შესაძლებლობა და პერსპექტივებია
წარმატებული და რეალიზებული ცხოვრებისთვის, რაც თავისთავად განაპირობებს პროფესიონალიზმისა და სწავლის ხარისხის ამაღლებას. 
სწორი კომუნიკაცია და პოზიტიური გარემოს შექმნა არის სკოლაში თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბების ერთ–ერთი საფუძველი და წარმატებისკენ მიმავალი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ეს არ არის ერთ და ორ დღეში მიღწეული შედეგი. ეს ჩემი და ჩემი შეუდარებელი გუნდის თითოეული წევრის დიდი ძალისხმევის შედეგია.

–  რას ურჩევთ თქვენი გუნდის პედაგოგებს?

„თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა!“ მუდმივად იზრუნონ პროფესიულ განვითარებაზე, მოსწავლის თვალით დაინახონ სამყარო, გაიზიარონ მისი შეხედულებები, აღიარონ, როგორც პიროვნება, ხელი შეუწყონ მის მრავალმხრივ განვითარებას, არასოდეს დაივიწყონ, რომ თითოეული ჩვენი  საკლასო ოთახიდან ქვეყნის მომავალი იწყება!

– რა შეკითხვას დაუტოვებდით ამ რუბრიკის შემდეგ სტუმარ პედაგოგს ?

არიან თუ არა ისეთი მასწავლებლები, როგორებიც  ბავშვობაში თავად უნდოდათ, რომ  ჰყოლოდათ? 

0322 61 28 80

contact@133skola.ge

QQ8P+5MX, ვარდისუბნის ქუჩა

© 2022 — ყველა უფლება დაცულია